აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში დღეისთვის 82-მდე თავისუფალი საწოლია მობილიზებული. მისივე განმარტებით, რისკჯგუფების მიხედვით, ინფიცირებული პირებიდან, ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი ბინაზე მკურნალობს.
"მობილიზებულია კლინიკური სექტორი. დღეისთვის თუ სწორად მახსოვს, 82-მდე თავისუფალი საწოლია და არის მობილიზება, როგორც კოვიდკარანტინების, ასევე კლინიკების საწოლფონდის მხრივ. ამასთანავე იცით, რომ მდგომარეობის და რისკჯგუფების მიხედვით, ინფიცირებული პირები ან კლინიკაში, ან კოვიდკარანტინში, ან ბინაზე მკურნალობენ", - განაცხადა ნონა ეფაძე.
დღეს გამოვლენილი 298 შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება.
ჯამში, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით 2 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა, 1 კი თბილისში.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის, NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.